კახა კალაძე - დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს
დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძემ 20-21 ივნისის აქციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმძიმესი იყო, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან დაიწყო მოწოდებები პარლამენტში შევარდნასა და შტურმზე. კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა გაფრთხილება და რატომ მოხდა აქციის დაშლა.
„კითხვას შემოგიბრუნებთ. რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე, სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ – ჩაგიხედავთ კანონში, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი, არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როცა აქცია არის დაგეგმილი, ხუთი დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში და მერია გამოყოფს წარმომადგენლებს, აქვს კომუნიკაცია აქციის მონაწილეებთან. როდესაც დაშლა ხდება, წინასწარ ხდება გაფრთხილება.
ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს მოსაზრება მშვიდობიანი ფორმით. რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე, იყო უმძიმესი. ჩემთვის ასევე მძიმე იყო ისიც, თუ როგორ განვითარდა მერე მოვლენები, ამდენი დაშავებული ადამიანი. რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირ ცემა-ტყეპა. პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს და სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს, დედა ვაგინოთ ერთმანეთს“, – განაცხადა კახა კალაძემ.