კახა კალაძე - დედაქალაქში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და ახალი მცენარეები დაირგვება
კახა კალაძე - დედაქალაქში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და ახალი მცენარეები დაირგვება

დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება, თუმცა მათ ნაცვლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარდა კვლევა და შედეგებით გამოვლინდა, რომ ამ თვალსაზრისით ქალაქში მძიმე მდგომარეობაა.

„დედაქალაქი შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით. ამჟამად, „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს სანიტარიულ ჭრებს, რის შედეგადაც, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. თუმცა, ამასთანავე, ჩანაცვლება ხდება და ახალი ხე-მცენარეები დაირგვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, გამხმარი ხეების დიდი რაოდენობა კერძო მესაკუთრეების ტერიტორიებზეა. შესაბამისად, კახა კალაძემ თავის მოადგილე მაია ბითაძეს მესაკუთრეებთან კონსულტაციები დაავალა.

„ძირითადად, ბიზნესჯგუფების ტერიტორიებზეა დაავადებული მცენარეები. თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა და ზომები არ მივიღეთ, სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, რადგან ერთმა დაავადებულმა ხემ, შესაძლოა, სხვა ხეებიც დააზიანოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შესაბამისად, მერის თქმით, პროექტი კერძო სექტორთან კომუნიკაციითა და მათი ჩართულობით უნდა განხორციელდეს.