კახა კალაძე - დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარით იზრდება
კახა კალაძე - დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები 21 მილიონი ლარით იზრდება

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა, რომელიც განსახილველად, თბილისის საკრებულოს გასულ კვირას გადაეგზავნა.

„გასულ კვირას, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარვადგინეთ, რასაც ოპოზიციის მხრიდან არაადეკვატური გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური მოცულობა 871 მილიონია, რომელშიც, როგორც მერიის შემოსავლები,ასევე, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერის კომპონენტი შედის. ორივე კომპონენტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2019 წლის ბიუჯეტში, 50 მილიონამდე ლარით მეტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა ასევე, ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის არის გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი, 340 მილიონ ლარს შეადგენს.

„ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად ვმუშაობთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გვაქვს, რომ ქალაქში იმაზე მეტი პროექტი განვახორციელოთ,რაც მიმდინარე წელს განხორციელდა. ასევე, აღსანიშნავია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, რომელიც 21 მილიონი ლარითაა გაზრდილი და მთლიანობაში 327 მლნ ლარს შეადგენს. ამ თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების ვაუჩერული დაფინანსებისა და 11 ახალი ბაღის დასრულებისთვის. მინდა ვუთხრა ოპოზიციას, დამშვიდდნენ და ნუ ნერვიულობენ – ყველაფერი მიდის სწორად და დაგეგმილად.