კახა კალაძე - დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტთან დაკავშირებით კამპანიაში მერობის ყველა კანდიდატი გამომყვებოდა, სამწუხაროდ, გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ და არასახარბიელო შედეგი მივიღეთ
კახა კალაძე - დარწმუნებული ვიყავი, ნარკოტესტთან დაკავშირებით კამპანიაში მერობის ყველა კანდიდატი გამომყვებოდა, სამწუხაროდ, გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ და არასახარბიელო შედეგი მივიღეთ

დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის განცხადებით, დარწმუნებული იყო, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით მის მიერ წამოწყებულ კამპანიას მერობის ყველა კანდიდატი შეუერთდებოდა, თუმცა, როგორც კალაძე ამბობს, შედეგი არც თუ სახარბიელო დადგა.

საკითხის ირგვლივ საუბრისას კალაძემ შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებს.

კალაძის თქმით, ნარკოტესტთან დაკავშირებით ინიციატივაზე გაუგებარი განცხადებები მოისმინა.

„არ ვიცი, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი ამ ნარკოტესტთან დაკავშირებით, უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ნამდვილად არ ველოდი ამ შედეგს. დარწმუნებული ვიყავი, ყველა კანდიდატი გამომყვებოდა ამ კამპანიაში და მაქსიმალურად ყველა ერთად შევძლებდით, რომ მეტი პოპულარიზაცია მოგვეხდინა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის კუთხით. სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო შედეგი მივიღეთ, გაუგებარი განცხადებები მოვისმინეთ და ადამიანურად, გულწრფელად გული მწყდება, როდესაც გიორგი გახარიას ამ მდგომარეობაში ვხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.