კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსის მისაღებად ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს 
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსის მისაღებად ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს 

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნას გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსის მისაღებად ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტს მთავრობამ თანხმობა მისცა ამ ვიზიტთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოს სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით არ მინდა, პოლემიკაში შევიდე. ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ 12-ივე რეკომენდაცია იყოს შესრულებული.

„ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რომ ეს რეკომენდაციები ყოფილიყო შესრულებული. არათუ პოზიტური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ აღნიშნულ პროცესს.

ვინმემ არ მინდა, იფიქროს, რომ ეს „ქართული ოცნების“ მიმართ ხელის შეშლაა, პირიქით, ეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. არის გადადგმული ნაბიჯები, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში და არამხოლოდ აქ, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტ-კაბინეტში. როგორც ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას იყო, როგორც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების დროს იყო. დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, რომ როგორმე აღნიშნული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული საქართველოს სასარგებლოდ. დღეს ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, – განაცხადა კალაძემ.

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.