კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოიგებს სასამართლო დავას, რომელსაც შვეიცარიული ბანკის, Julius Bear-ის წინააღმდეგ იწყებს.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, სამწუხაროა ის ქმედებები, რომლებსაც ასეთი რეპუტაციის მქონე ბანკი მიმართავს.
„ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რეპუტაციის მქონე, ამხელა ბანკი ასეთ ქმედებებს ახორციელებს. ეს, რა თქმა უნდა, არის შანტაჟის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო. როდესაც ხარ მართალი, ყველგან შეგიძლია, შენი სიმართლე გაიტანო ბოლომდე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაშიც ის იქნება გამარჯვებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის.