კახა კალაძე - დაპირისპირების ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
კახა კალაძე - დაპირისპირების ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირების ცალკეული შემთხვევებია, მაინც შეიძლება თქმა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდისთვის ყოველგვარი დაპირისპირება მიუღებელია. კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აყვნენ და მოთმინება გამოიჩინონ.

„ზოგადად, საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამომრჩეველს შეხვდეს. რა თქმა უნდა,ზოგი პოლიტიკური პარტია არ ითვალისწინებს და არ იცავს იმ მოთხოვნებს, რითაც დაცული იქნება ამომრჩევლებისა და მოსახლეობის უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, არის დაპირისპირების ცალკეული შემთხვევები.

პირადად ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის ყველანაირი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ყველამ თავი უნდა შევიკავოთ მაქსიმალურად. ემოციებს და პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.