ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო
ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბოლნისში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც მომხდართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი აცხადებს, მათ სოფელ მუხრანასთან მანქანით გზა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გადაუჭრეს. მისივე მტკიცებით, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლაც.

მომხდარზე საუბრობს მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილიც.

„აქ არის ცემა-ტყეპა. აქ არ არის თავისუფალი არჩევნები. ქვემო ქართლში არ არსებობს, რომ ეს არჩევნები იყოს აღიარებული ლეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, რა ხდება“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.

თავის მხრივ, ბრალდებებს პასუხობს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ფაქტთან დაკავშირებით მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. იმედი მაქვს, რომ ამ შეტყობინების შემდეგ სამართალდამცავები დეტალურად შეისწავლიან ფაქტს. იქნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ჯავშანიანში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, ამ ქმედებაში უშუალოდ მონაწილეობდა ჩემი ოპონენტი ოქრიაშვილი, რომელიც რამდენიმე ათეულ მხარდამჭერთან ერთად მივარდა ჩვენს სპეციალისტს სოფელში. 65 წლის მამაკაცს ქუჩაში მოუწყო გარჩევა, დაემუქრა პატიმრობით და ფიზიკური ანგარიშსწორებით, თუ ეს ადამიანი არ შეწყვეტდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას და მიაყენა მას შეურაცხყოფა. ალბათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ ბევრ განცხადებას მოვისმენთ. ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ, შესაბამისად მსგავსი პროვოკაციებით ცდილობენ, არჩევნებს მიაყენონ ჩრდილი“, – განაცხადა მეშველიანმა.