კახა კალაძე - ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და ვინც იცის, რა სჭირდება თბილისს, როგორ უნდა მოხდეს მისი განვითარება და აღმშენებლობა
კახა კალაძე - ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და ვინც იცის, რა სჭირდება თბილისს, როგორ უნდა მოხდეს მისი განვითარება და აღმშენებლობა

საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რატომ უნდა გამომიცხადონ ნდობა მეორე ვადით? – ალბათ, ისევ გაკეთებული საქმეებისა და ამ ქალაქთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვის გამო, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ უნდა გამოუცხადონ თბილისელებმა კახა კალაძეს ნდობა მეორე ვადით.

„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ და თბილისელებს ვაჩვენეთ, რომ სიტყვის ხალხი ვართ; ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და პროექტების განხორციელება, რომლებიც 15-20 წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო; ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ დავეხმარეთ ისეთ ოჯახებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვერც კი წარმოედგინათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეძლებდნენ თავიანთი საკუთარი საცხოვრებელი ფართების დაბრუნებას. მხედველობაში მყავს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და სამშენებლო კომპანია „აქსისი“. ეს არის ის 10 000-მდე ოჯახი, რომელთა სახეებზე ბედნიერება, სიხარული და ღიმილი დავაბრუნეთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის და მისი გუნდი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ქალაქში საპარკე კულტურა შემოიტანეს და ამ მიმართულებით უამრავი პროექტი განახორციელეს.

„ჩვენ ვართ ის გუნდი და ადამიანები, ვინც ამ ქალაქში საპარკე კულტურა შემოიტანა და განახორციელა უამრავი პროექტი – „მზიური“, ვაკის პარკი, კიკვიძის პარკი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის პარკი, გამგეობების მიხედვით სკვერების რეაბილიტაცია-განახლება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ სხვა განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით; ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო და ნახეთ, დღეს როგორი სტანდარტია საბავშვო ბაღებში. პირდაპირ ვიტყვი, რომ შეიძლება, ასეთ მაღალი კლასის ბაღები ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშიც არ იყოს, ასეთი ახალი, ასეთი მოწესრიგებული და ასეთი სუფთა; ვაპირებთ, ეს გავაგრძელოთ და 20 ახალი ბაღის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კახა კალაძე და მისი გუნდი არიან ის ადამიანები, ვინც იცის, რა სჭირდება თბილისს და როგორ უნდა მოხდეს მისი განვითარება-აღმშენებლობა.

„ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს და ვინც იცის, რა სჭირდება თბილისს, როგორ უნდა მოხდეს მისი განვითარება და აღმშენებლობა. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან იქნება თანადგომა, მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მოგვცემს შანსს, რომ ჩვენი წამოწყებული ყველა საქმე და რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მოვა არჩევნებზე, უფრო მეტი, ვიდრე 2 ოქტომბერს მოვიდა და მხარს დაუჭერს იმას, რომ ყველა უბანში უფრო მეტი სიცოცხლე შევიტანოთ“, – განაცხადა კალაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორია ხელისუფლების სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაანონსებულ აქციას გამართავს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გუნდთან ერთად მისი სტრატეგია არის საქმე, რომ აკეთონ ის პროექტები, რაც თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ჩვენი სტრატეგიაა, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და ადამიანებს, რომლებსაც თანადგომა სჭირდებათ. ამ ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, ვერანაირი „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. ცხადია, მათ აქვთ ამის უფლება. დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ესეც 2012 წლის მონაპოვარია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს აქვთ საშუალება, აქციები გამართონ, მაგრამ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება კახი კალაძეს, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას, ამ ქალაქის განვითარებას და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომლებზეც მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდი, კონკრეტული რაიონების, კონკრეტული უბნებისა და კონკრეტული ქუჩების მიხედვით. დღეს, თბილისს ყველაზე მეტად, აი, ეს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.