კახა კალაძე - ჩემი მერობის პერიოდში, არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ დახმარების მთხოვნელი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაგვეყო
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძალიან შეურაცხმყოფელია ბრალდება, თითქოს, დახმარების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური ნიშნით ყოფს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის საკრებულოში ოპოზიციონერ დეპუტატ სოფიო ჯაფარიძის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„შეგიძლიათ, თქვენს კოლეგებს ჰკითხოთ, რამდენ ადამიანს დავეხმარეთ. ეს არის ისეთი თემა, როგორ შეიძლება, ადამიანმა პოლიტიკური ნიშნით განსაზღვროს, ვის უნდა დაეხმაროს და ვის არა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება. დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან შეურაცხმყოფელია ეს ჩვენთვის. მერწმუნეთ, გეფიცები, ვინც ყველაზე საფიცარი მყავს, ჩემი მერობის პერიოდში, არასდროს მიღებულა ისეთი გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, დახმარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით, დაგვეყოს პოლიტიკური ნიშნით. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება, ყველაზე დიდი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა დედაქალაქის საკრებულოს დასამტკიცებლად, მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. საკრებულოს სხდომაზე მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შესახებ მსჯელობენ.