კახა კალაძე - ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო გზის საფარის სამუშაოები 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს
კახა კალაძე - ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო გზის საფარის სამუშაოები 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს

ცენტრალურ ქუჩებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, 15 სექტემბრისთვის ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული არ იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, სანაპიროსა და კოსტავა-შარტავას ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

„დღეს დავათვალიერეთ ის მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს. ბარათაშვილის აღამართზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომინიკაციები, ასევე ტროტუარებზე მთლიანად მოეწყობა ქვაფენილი, მოწესრიგდება გარე განათებები. შეიცვლება არსებული ბოძები და დამონტაჟდება ახალი სანათები. მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. გაკეთდა კლდის მხარეს კიბე. ნებისმიერ მოქალაქეს, ტურისტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ამ კიბით. მოსახლეობა შეძლებს ამ კიბით პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავიდეს, რომელიც მგონია, რომ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია გადმოსახედებით. პროექტი, რომელიც ხორციელდება, ძალიან ლამაზი იქნება.

15 სექტემბრისთვის გზის საფარის სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. მეორე ეტაპი იქნება ის, რომ ხელი არ შევუშალოთ ავტომობილებით გადაადგილებას. ეს იქნება უკვე ბორდიურების მოწყობა, ტროტუარების მოწესრიგება, სანათები და ასე შემდეგ.

ასევე, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, ვინაიდან დასახლებული ადგილია, საკმაოდ მჭიდრო, ღამის განმავლობაშიც გვიწევს მუშაობა, ხმაურია, კიდევ ერთხელ მოთმინებისკენ მოვუწოდებ მოსახლეობას. ყველაფერი კეთდება ხარისხიანად“,- განაცხადა კახა კალაძემ.