კახა კალაძე - ცდილობენ, საზოგადოება, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ვინმე უცხოურ გრანტს თუ მიიღებს, აგენტად გამოცხადდება, ტყუილია, არ დაუჯეროთ
კახა კალაძე - ცდილობენ, საზოგადოება, ახალგაზრდები შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ვინმე უცხოურ გრანტს თუ მიიღებს, აგენტად გამოცხადდება, ტყუილია, არ დაუჯეროთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს სიცრუის პროპაგანდა, რათა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ კანონს „რუსული კანონის“ იარლიყი მიაწერონ.

მისივე თქმით, ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ვინმე უცხოურ გრანტს თუ მიიღებს, აგენტად გამოცხადდება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ის არის რუსული კანონი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან. მინდა, გითხრათ, რომ ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს და ის არავის საქმიანობას არავითარი ფორმით არ ზღუდავს.

სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ეს კანონი რომელიღაც ადამიანს აგენტად აცხადებს ან უცხოური დაფინანსებით კეთილი საქმეების კეთებას რაიმე ფორმით კრძალავს. არ არის ასე. არც სამედიცინოს, განათლების სფეროს, არც მეცნიერებას არ ეხება. იმის შედეგია ეს, რომ შინაარსში არავინ შედიოდა. ამ დღეებში არასამთავრობო სექტორი, თავისი დამფინანსებლებით, ცდილობდა, საზოგადოება, ახალგაზრდები შეცდომაში შეეყვანა, თითქოს ვინმე უცხოურ გრანტს თუ მიიღებს, აგენტად გამოცხადდება. ტყუილია, მეგობრებო, არ დაუჯეროთ.

აღნიშნული კანონი პირველი მოსმენით მიიღეს გუშინ და გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში. დაველოდებით, რა შეფასებები გაკეთდება. ესეც მანიშნებელია იმისა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ამ გზას მივუყვებით და არცერთი ნაბიჯით არ გადაგვიხვევია. ყველაფერს ვაკეთებთ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, – აღნიშნა კახა კალაძემ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.