კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

კალაძის თქმით, მისი მთავარი დაპირება საქართველოს გამარჯვება და წინსვლა იყო. ამასთან, როგორც კალაძე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ნდობა, მადლიერება, რასაც მოქალაქეები წლებია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გამოხატავენ, საუკეთესო შეფასებაა.

„როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, მისი პირველი განაცხადი იყო, ნებისმიერი საქმის კეთება სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე. ეს მისი ცხოვრების წესია და არასდროს დაუმალავს, რომ პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის სასიცოცხლო აუცილებლობით იყო ნაკარნახევი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება იყო არა ვინმეს დამარცხება და შურისძიება, არამედ საქართველოს გამარჯვება და წინსვლა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ღია წერილით მიმართა საზოგადოებას, მთელს პოლიტიკურ სპექტრს,  „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოს“. მისი განცხადება პარტიის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოცულობითად ასახავს ყველაფერს, რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს მონაწილეობა მიღებული, რისი შემოქმედიცაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და რა როლი ითამაშა მან და მისმა შემქნილმა პარტიამ ქვეყნის ცხოვრებაში გასული რვა წლის გამვალობაში.

მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები… ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად, ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას.

ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება, არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება. ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.

დაბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის, ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი