კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები
კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, მოთხოვნა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები

ბიძინა ივანიშვილი ისედაც დე ფაქტო დასანქცირებული იყო, ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.

„ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია. მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით. ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და გამარჯვება მოიპოვა. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ქართველ ხალხს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელმაც 26 ოქტომბერს მოვიპოვეთ გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ მხარდაჭერა, რადგან ვატარებთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ვიცავთ ჩვენს მოსახლეობას, ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.