კახა კალაძე - იდეალური და შეცდომების გარეშე, მათ რომ ჰკითხოთ, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო
კახა კალაძე - იდეალური და შეცდომების გარეშე, მათ რომ ჰკითხოთ, მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასული რვა წელი შეაფასა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„ბევრი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება ყველა მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამეა გაკეთებული. დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლოს რეფორმით, თუმცა დასრულებული არ არის და აუცილებელია მეოთხე ტალღა. საგარეო მიმართულებით არის ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველო ყველზე მეტად დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია. მთავარი მიზანი არის ის, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი.

რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა, ქვეყანაში არის პრობლემები და გამოწვევებიც. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია, მით უმეტეს ამ პანდემიის ფონზე, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ძალიან ბევრი სამუშაო იქნება ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გასული რვა წლის განმავლობაში რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა, კალაძემ უპასუხა, რომ შეცდომები იყო.

„იდეალური და შეცდომების გარეშე მარტო „ნაციონალური მოძრაობა იყო“, მათ რომ ჰკითხოთ. შეცდომებთან დაკავშირებით პირადად ჩემს მოსაზრებებს რაც შეეხება, ცხადია, მუშაობის დროს იყო შეცდომები, კონკრეტულად გამიჭირდება ჩამოთვლა“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, 20 ივნისი იყო თუ არა შეცდომა, კალაძემ უპასუხა, რომ „ოპოზიციის მხრიდან კი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან – არა“.

„გადატრიალება, რევოლუციები, ქვეყნის პარლამენტში შევარდნა – ეს ძალიან მძიმე და ცუდია. ვფიქრობ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომ ქვეყანაში ხელისულების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი