კახა კალაძე - საბავშვო ბაღებში ევროპული სტანდარტი ყველა მიმართულებით უნდა დამკვიდრდეს
კახა კალაძე - საბავშვო ბაღებში ევროპული სტანდარტი ყველა მიმართულებით უნდა დამკვიდრდეს

საბავშვო ბაღები მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენთვის, შესაბამისად გვინდა სტანდარტები გავხადოთ ევროპული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტანდარტი ეხება ყველა მიმართულებას, როგორც აღმზრდელობით წესს, ასევე შენობებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ახლო მომავალში ახალი ბაღების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია იგეგმება.

“შენობა, სადაც ბავშვები იმყოფებიან, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. დაგეგმილი გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე არსებულის რეაბილიტაცია. ჩვენი მოთხოვნა იყო, ჩაგვეტარებინა გამოკვლევა არსებულ ბაგა-ბაღებში რა მდგომარეობაშია. 24-დან სამი ბაგა-ბაღი არის ავარიულ მდგომარეობაში. იქ ყოფნა საშიშია, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბაღები დროებით დაიხუროს, ბავშვები, იმ კონკრეტულ რაიონში სხვადასხვა ბაღებში გადანაწილდნენ.  სამუშაოებს დავიწყებთ ახლავე და ყველაფერი მოწესრიგდება”,- აღნიშნა ქალაქის მერმა.

თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება დღეს დილიდან შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა.

N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ორშაბათიდან ახლომდებარე ბაღებში გადაანაწილებენ.