კახა კალაძე - აუცილებლობა თუ იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება
კახა კალაძე - აუცილებლობა თუ იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აუცილებლობა თუ იქნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები პროცესებზე დაკვირვების შედეგად მიიღება.

„დაველოდოთ. რთულია, წინასწარ ვისაუბროთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ჩვენ არარეალურ ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში, სადაც მტერს ვერ ვხედავთ.

სერიოზული პრობლემებია ზოგადად მსოფლიოში და ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ვადევნებთ თვალყურს, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, რა პროცესებია. ამის შედეგად ხდება გადაწყვეტილებების მიღება. თუ ამის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად გაგრძელდება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დედაქალაქის ბაზრებზე დაწესებული შეზღუდვით. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი მუშაობას მას შემდეგ განაგრძობენ, რაც დაწესებულ უსაფრთხოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. კალაძის თქმით, ბაზრების ადმინისტრაციებს ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვთ.