კახა კალაძე - ატენის ქუჩაზე დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ატენის ქუჩაზე მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოეფიციენტი, რომელიც 2011 წელს სამშენებლო კომპანია მიიღო არ შეცვლილიყო.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას, როგორც დედაქალაქის მერს, არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა, მშენებლობის ნებართვა არ გაეცა.
“გულწრფელად გეტყვით, დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ნებართვას არ გავცემდი. ამ კონკრეტულ ადგილზე 12 თუ 14 სართული უკვე აშენებულია. მთელი რიგი სასამართლო პროცესებია გამართული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოეფიციენტი, რომელიც მიღებული ჰქონდა 2011 წელს ამ სამშენებლო კომპანიას, დარჩა ძალაში. შესაბამისად, არანაირი შესაძლებლობა, არანაირი საბაბი არ მქონდა იმის, რომ უარი მეთქვა და არ გამეცა მშენებლობის ნებართვა. მე ვემორჩილები კანონს და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად, თუ მოხდება გასაჩივრება სასამართლოში, ეს იქ მცხოვრებ ადამიანებზეა დამოკიდებული. ეს კონკრეტული ქეისი თავიდან რომ იხსნებოდეს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება და ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდით, ამ კონკრეტული კოეფიციენტით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც მოხდა საკითხის გასაჩივრება, სასამართლომ დაავალა მერს და შესაბამის სამსახურებს, რომ წარმოედგინათ უფრო მეტი დასაბუთება, თუ რატომ იყო გაცემული 8 კოეფიციენტი.
“შესაბამისად, ზონალური საბჭო შეიკრიბა, იმსჯელეს. ზონალური საბჭოს თითოეულმა წევრმა დადო დასკვნა, თუ რატომ არ იყო პრობლემა 8 კოეფიციენტი. შესაბამისად, მაშინდელმა მერმაც გამოსცა ბრძანება, რომ პროექტი გაგრძელებულიყო. ესეც გასაჩივრდა და სააპელაციო სასამართლომ გააბათილა ეს გასაჩივრება. მე ერთადერთი, რაც მქონდა დარჩენილი, იყო ის, რომ გამეცა ნებართვა. გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები გამოვავლინეთ, რაც იყო გასწორებული და შესაბამისად გააგრძელეს მშენებლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებენ. ისინი ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.