კახა კალაძე - არჩევნების შედეგი არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი მათდამი, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა
კახა კალაძე - არჩევნების შედეგი არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი მათდამი, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა

არჩევნების შედეგი არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი მათდამი, ვინც ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და მინდა, ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება შეაფასა უპასუხისმგებლოდ. მათ მინდა, მივაწოდო კონკრეტული ინფორმაცია დათვლილ ხმებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რა მონაცემსაც ჩვენი წარმომადგენლები გვაწვდიან უბნებიდან, დათვლილია ხმების 75 პროცენტი. აქედან 62,5 პროცენტი არის ბატონი ლადო კახაძის, 37,5 პროცენტი –  ბატონი შალვა შავგულიძის. ბატონ ლადოს დამაჯერებელი გამარჯვება მინდა, მივულოცო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ეს არის მთაწმინდის მოსახლეობის პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ძირითადად ცდილობდა, სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინა. ძალიან მიხარია, რომ ადამიანები დღეს ძალიან კარგად აფასებენ და ხედავენ რეალურ სიტუაციას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას , რომელიც დღეს აწუხებს მთაწმინდას, დღეს აწუხებს თბილისს და დღეს აწუხებს საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.