კახა კალაძე - არც მშენებლობას ვეწინააღმდეგებით და არც განვითარებას, მაგრამ ყველაფერი ჩარჩოებში უნდა მოექცეს
კახა კალაძე - არც მშენებლობას ვეწინააღმდეგებით და არც განვითარებას, მაგრამ ყველაფერი ჩარჩოებში უნდა მოექცეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან საკოორდინაციო შეხვედრის მიზანი, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის – მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვაა.

მისი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი და დაკომპლეტებული იქნება საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებისა და ქართველი ექსპერტებისგან.

აღნიშნული ჯგუფი თბილისის მერიას გენგეგმის დოკუმენტის შეფასებაში დაეხმარება.

კახა კალაძის თქმით, მერიის ყველა სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს „სითი ინსტიტუტთან “, რათა დოკუმენტი სრულყოფაში იქნას მოყვანილი.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ჩამოვყალიბდეთ რა ფორმით ვიმუშავებთ. ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა . შემდეგი შეხვედრა უკვე გაიმართება “სითი ინსტიტუტთან“. ახლად შექმნილ ჯგუფს უხელმძღვანელებს ილია ელოშვილი, მეც ჩართული ვიქნები თავიდან ბოლომდე, ვინაიდან თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში არსებობს და ყველა ვხედავთ, სადამდეც მივედით.  ნამდვილად გაუსაძლისია ასე ცხოვრება და ამ რიტმით გაგრძელება. ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით, არც მშენებლობას, არც განვითარებას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ჩარჩოებში , რომ სწორად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველაფერი ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიისა და გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლები 12 იანვარს შეთანხმდნენ, რომ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს მერიას 45 დღის ვადაში წარუდგენს.