კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს, მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ასევე დედაქალაქშიც
კახა კალაძე - არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს, მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ასევე დედაქალაქშიც

არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო მიწები დაიტაცონ, მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ასევე დედაქალაქშიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ მედიასთან განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ნაგებობების მეპატრონეები თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ყველანაირად გაფრთხილებული იყვნენ.

„ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი კადრი იხილეთ ასეთი, რომ ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება.

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, როდესაც კახა კალაძე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი ამბობს, რომ ჩვენ უკანონო ქონებებს დავაკანონებთ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება. მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. სინამდვილეში ესენი არიან ისინი, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ფლობენ ბინებს დედაქალაქში.

რაც შეეხება უსახლკაროებს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ასეთი სტატუსმატარებელი გვყავს დედაქალაქში და უკლებლივ ყველა დაკმაყოფილდება. პროგრამა მომავალი თვიდან იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

დატოვე კომენტარი