კახა კალაძე - არასოდეს დავუშვებთ ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან
კახა კალაძე - არასოდეს დავუშვებთ ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან

„ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან, – ამის შესხებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად განმარტა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და ღირებულებები და ეს არის გარანტია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არასოდეს დაუშვებს ისეთ გადაცდომებს, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ცუდად დაამახსოვრდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოაქვეყნა გაყალბებული კვლევის შედეგები, რომელიც სრულად არის აცდენილი პოლიტიკურ სინამდვილეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის შემდეგ ვეღარ აყალბებს არჩევნებს, აყალბებს იმას, რაც შეუძლია – სოციოლოგიურ კვლევებს.

რეალობა კი არის ის, რომ ნამდვილი, გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნების შეეშინდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ჩაკეტილი არიან საკუთარ სიყალბეში და გაურბიან მათთვის არასასურველ სიმართლეს. თუმცა, ისინი ვერ გაექცევიან სიმართლეს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნების შედეგები და როდესაც ქართველი ხალხის ნებით პრეზიდენტად გამოცხადდება სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.