კახა კალაძე - არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს
კახა კალაძე - არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს

ძალიან მარტივად არის საქმე, არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი, მიშამ უნდა ჭამოს, დამთავრდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომელიც ადასტურებს პიარკომპანია „გლობალ პოინტთან“ ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ინფორმაციას.

კალაძის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ციხეში ცუდად ეპყრობიან.

„ეს არის იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო თვეებია, ვუყურებთ. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, თითქოს სააკაშვილს ციხეში არალმობიერად ეპყრობიან, არ აქვს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, არადა, ადამიანს ყველაფერი აქვს. ის რადიკალურად განსხვავებულია სხვა პატიმრებთან შედარებით, ციხეშიც არაა, კლინიკაში იმყოფება. პატიმარი არის თვითდაზიანების რეჟიმში და ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ როგორმე დაიხსნან ციხიდან და ამას მოგვიწოდებენ. პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციაზე, ჩვენს კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა უნდა მივაყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, სამშობლოს, გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე უპასუხა კითხვას, რა გავლენას ახდენს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი საქართველოს ევროპულ მომავალზე.

„ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადის ამ ქვეყანაში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე, თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს მიზნებზე, ქმედებებზე, ყოველდღიურობაზე. ყველაფერ ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ცხადია, პატიმრები, დამნაშავეები ყოველთვის იქნებიან, ამისგან დაზღვეული არავინაა და აქაც მთავარი ისაა, რომ კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანასწორი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამიზნულად განხორციელებული ქმედებებია. დავიწყოთ პირველივე დღიდან, სააკაშვილის საქართველოში კონტეინერით შემოტანით, იმ დღიდან დაწყებული. ეს ძალიან დიდი გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, დაპირისპირებას, არეულობას, რევოლუციას, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ ამ ადამიანებს, რადგან შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილის სახით, ციხეში ჩაესვათ. ამ დღეებიდან მოყოლებული ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი გმირი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები, ეს შეიძლება, იყნენ ოჯახის წევრები, მისი პარტიის წევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.