კახა კალაძე - არანაირი დათმობა არ იქნება, როცა საქმე პატარებს და მშენებლობას ეხება
კახა კალაძე - არანაირი დათმობა არ იქნება, როცა საქმე პატარებს და მშენებლობას ეხება

მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 33-ე ბაგა-ბაღის დათვალიერებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით არანაირი დათმობა არ იქნება, მით უმეტეს, როცა საქმე პატარებსა და მშენებლობას ეხება.

„კონკრეტულად ამ მშენებლობასთან არის სერიოზული პრობლემები. ჩემს მოადგილეს დავავალე, დღესვე დაიბარონ კომპანია, ვინც სამუშაოები განახორციელა და მოსთხოვონ შესაბამისი პასუხი. შეუძლებელია,  თავი დავუხაროთ ასეთ მშენებლობებს და ასეთ ხარისხს, რაც სახეზე გვაქვს. მომდევნო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს. მესმის, რომ თავიდან შეიძლება პრობლემები იყოს, მოგვიწევს ბრძოლა, მაგრამ გადავტეხავთ. არანაირი დათმობა არ იქნება ამ მიმართულებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება პატარებს, საქმე ეხება მშენებლობას, ვიქნებით ძალიან უკომპრომისოები. ეს იქნება ყველა მიმართულებით, არა მხოლოდ საბავშვი ბაღის. გზებთან დაკავშირებით გვექნება ანალოგიური მოთხოვნა სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, მშენებლობებთან და აშ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, უნდა შეიცვალოს მიდგომები და კონკრეტული ზედამხედველობა განხორციელდეს როგორც პროექტის მომზადების პროცესში, ასევე მშენებლობის და მისი დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხარისხს, როდესაც მოხდება კონკრეტული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაცია და მიღება-ჩაბარება.

კახა კალაძის განცხადებით, მშენებლობა შეჩერდება და ზედამხედველობა განხორციელდება კიდევ ორ ბაღზე, რომელსაც კომპანია “გიკო”  აშენებს.

დედაქალაქის მერმა ვაშლიჯვარში მდებარე 33-ე ბაგა-ბაღი დაათვალიერება, რომლის მშენებლობაც 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა.

ბაღის შენობის კედლები რამდენიმე ადგილას არის გაბზარული, დაზიანებულია ჭერი.

კახა კალაძის თქმით, ბაღის შენობას ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.