კახა კალაძე - არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გასაყალბებლად
კახა კალაძე - არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გასაყალბებლად

არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდა პოლონელ ექიმს მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის მალულად გატანა, თუმცა, ჩემი შეფასებით, ალბათ გარკვეული რაღაცების გასაყალბებლად, – ამის შესახებ თბილის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, რისთვის სჭირდებოდათ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რაც ხდება სააკაშვილის ირგვლივ, მთელი ის კამპანია, რაც მიმდინარეობს, ძალიან დიდი ალბათობით – და ეს არის ჩემი შეფასება – ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული გაყალბება. ალბათ ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზე ცალკე ააწყობდნენ ალბათ გარკვეულ კამპანიას.

ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურებთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე, რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილის მოწამვლიდან დაწყებული, სიკვდილით დასრულებული. ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი და ფარისევლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.