კახა კალაძე - არ მომისმენია, გოკა გაბაშვილს ან მის თანაგუნდელებს გაეკრიტიკებინოთ ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებდნენ
კახა კალაძე - არ მომისმენია, გოკა გაბაშვილს ან მის თანაგუნდელებს გაეკრიტიკებინოთ ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებდნენ

ბატონი გოკა გაბაშვილი გვიწუნებდა სასაუბრო ენას, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება,სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც გაბაშვილი ხელისუფლებას სასაუბრო ენას უწუნებს, არც მას და არც მის თანაგუნდელებს არ დაუგმიათ ის ფაშისტური განცხადებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კეთდებოდა.

„ბატონი გოკა გვიწუნებდა სასაუბრო ენას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტები. სამწუხაროდ, იმ ფაშისტურ განცხადებებზე, რომელსაც ჩვენ წინასაარჩევნოდ ვისმენდით, არც ერთი განცხადება არ მომისმენია არც ბატონი გოკა გაბაშვილისგან, არც მისი თანაგუნდელებისგან. არ ყოფილა არცერთი ინტერვიუ, სადაც ისინი თავიანთ მოსაზრებებს დააფიქსირებდნენ, რომ ეს არის ძალიან ცუდი. ბატონო გოკა, მე არ მომისმენია არც თქვენგან, არც თქვენი თანაგუნდელებისგან გამოსულიყავით და გაგეკრიტიკებინათ ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რას კადრულობდნენ და რას საუბრობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გოკა გაბაშვილმა ბევრი ისაუბრა, თუმცა ყურდღება არ გაუმახვილებია და ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ კარგ საქმეებზე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა.

„ბატონმა გოკამ ბევრი ისაუბრა, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია და ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ კარგ გაკეთებულ საქმეებზე, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ და შევძელით ამ ერთი წლის განმავლობაში, თუმცა არ უნდა გაგვიკვირდეს და ეს არის განსხვავება დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის. პირადად მე და ბევრი ჩემი თანაგუნდელი ნამდვილად ვამაყობდით იმ პროექტებით, რომლებიც წლების განმავლობაში კეთდებოდა წინა ხელისუფლების დროს და პირველი მე ვიყავი, ვინც ვტრაბახობდი ამ პროექტებით. მაშინ ჯერ კიდევ სპორტითა და ფეხბურთით ვიყავი დაკავებული და ყოველთვის მიხაროდა ჩემი ქვეყნის წარმატება. თუმცა დღეს ისინი გამოდიან თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან და არ სურთ, დაინახონ ის წარმატება, რაც დედაქალაქში ხდება. თუმცა ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს. აი ზუსტად ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რაზეც მე ვსაუბრობდი“ – განაცხადა კალაძემ.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, მიუღებელია, თბილისის მერისგან იმის თქმა, „რასაც დათესავთ, იმას მოიმკითო“, როდესაც კითხვას უსვამენ კონკრეტულ პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმაზე