კახა კალაძე - არ მინდა, პოლემიკაში შევიდე არახამიასთან, მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას, ქართველ ხალხს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან და ამას ვერავინ შეაჩერებს
კახა კალაძე - არ მინდა, პოლემიკაში შევიდე არახამიასთან, მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას, ქართველ ხალხს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან და ამას ვერავინ შეაჩერებს

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ ურთიერთობას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველო გვერდით უდგას უკრაინელ ხალხს და ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით.

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ ჩვენი თანადგომა იყო, ასევე ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მიმართ როგორი მხარდაჭერა, თანადგომა იყო და ეს დღესაც გრძელდება. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, არ მინდა, პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას.

რაც შეეხება ფრენების შეწყვეტას, სანქციების მიერთებას, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან. არაერთხელ გვითქვამს და დაგვიფიქსირებია, რომ პირველია ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამისად, არ და ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, თავიდანვე ვიცით, შეიძლება, დამაზიანებელი იყოს საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ბრალდებული, დამნაშავე კონკრეტულ საქმეებში, მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ვიმედოვნებთ, უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.