კახა კალაძე - არ იფიქროთ, ვინმე თანამდებობას არის გამოკიდებული, თუმცა ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების და კანონის გზით
კახა კალაძე - არ იფიქროთ, ვინმე თანამდებობას არის გამოკიდებული, თუმცა ცვლილებები უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების და კანონის გზით

შეცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს. შეიძლება გული სტკიოდეს ჩვენს ბევრ მხარდამჭერსაც, რომ ისე არ გამოდის რაღაცები, როგორც უნდა გამოდიოდეს, მაგრამ თუ არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ამისთვის არსებობს არჩევნები, სადაც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, ვის ანდოს ქვეყნის ბედი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძე რუსთაველის გამზირზე 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა, სადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

„არ იფიქროთ, რომ ვინმე ან თანამდებობას ან სკამს არის გამოკიდებული, ეს ნამდვილად არ არის ასე. რაც შეეხება ცვლილებებს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით, კონსტიტუციურ და კანონის ფარგლებში. გამოცდილება გვაქვს მიღებული და ნანახი გვაქვს, როდესაც ხდება სამოქალაქო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა, ეს დაუშვებელია. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე.

რა თქმა უნდა, თუ არის პროტესტი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში. ჩვენ არ დავუშვათ ურთიერთდაპირისპირებები, ძალადობა და ასე შემდეგ. დღეს გვჭირდება​ მშვიდობა ისე, როგორც არასდროს”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში რაციონალური მეთოდებით მოქმედებაა საჭირო.

„როდესაც ვუსმენდი ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ ახალგაზრდებს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს იმ პრობლემებს, რომელიც გვაწუხებს.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას, რა თქმა უნდა, სჭირდება რაციონალური მოქმედებები. ამას უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ”, – განაცხადა კალაძემ.