კახა კალაძე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც ისევე მოგვარდეს, როგორც „სვეტის“ შემთხვევაში მოხდა
კახა კალაძე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც ისევე მოგვარდეს, როგორც „სვეტის“ შემთხვევაში მოხდა

„ცენტრ პოინტის“ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. მჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც „სვეტის“ შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „სვეტის“ მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

კახა კალაძემ საკითხზე საუბარი ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის ისტორიის თხრობით დაიწყო. მისი თქმით, მერად არჩევის შემდეგ სტუდენტი გოგონასგან შეტყობინება მიიღო.

„ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად და რამდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა, მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება, კონკრეტულად იტალიაში, და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად. იმისათვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა. დედასაც, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა, ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ, ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია „სვეტი“. ამ ოჯახის მსგავსად, დაზარალებული არის 2500-მდე ოჯახი. ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული.

ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი.

ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პრობლემა მოგვარებულია და 2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია.

„ამ ოჯახების სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ჩვენს და პირადად ჩემს განწყობას:„წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მერიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„როცა ვუყურებ მათ საქმიანობას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას.

ჩვენ, როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისათვის, რომ„ცენტრ პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, ეს პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას და უპირველესად თქვენ, რადგან იყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ ჩვენთან და რომ არა თქვენ, მერწმუნეთ, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ძალიან ბევრი სირთულე იყო და რა სირთულეებიც იყო, თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის.

მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ბინები ამ კომპანიაში. სამწუხაროდ, მათაც დაკარგეს ფული და უიმედოდ იყვნენ, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველას პრობლემა არის მოგვარებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი