კახა კალაძე - ალექსანდრე ჩივაძე იყო კაპიტანი მაშინ, როდესაც თბილისის „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება, მას უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში
ალექსანდრე ჩივაძეს უდიდესი როლი აქვს შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში, ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის „დინამოს“ მიერ ევროპის ქვეყნების თასების თასის მოპოვებამ დიდი სიხარული მოუტანა ქართველს ხალხს.
„ჩემთვის დიდი პატივია, 70 წლის იუბილე მივულოცო თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს. ის იყო ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მაგალითი, როგორ შეიძლება, ადამიანმა თავდაუზოგავი შრომით, საქმისადმი სიყვარულით, პროფესიონალიზმით მიაღწიო წარმატებას. ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი მაშინ, როდესაც „დინამომ“ მოიპოვა ყველაზე დიდი გამარჯვება – მოიგო ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი. ამ გამარჯვებამ ძალიან დიდი სიხარული მოუტანა ქართველ ხალხს. ყველა იქ მოთამაშე ფეხბურთელი იქცა ლეგენდად, ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანად. მე სულ რაღაც 18 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველად თქვენი ხელმძღვანელობით მომეცა შესაძლებლობა, ჩემი დებიუტი შემდგარიყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. თქვენ უდიდესი როლი გაქვთ შეტანილი პროფესიონალად, წარმატებულ ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბებაში. ამას ძალიან ვაფასებ და მადლიერი ვარ. თქვენ ხართ ცოცხალი ლეგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.