კახა კალაძე - „ახალგაზრდული ფორუმი“ არის საუკეთესო პლატფორმა, რათა თვითმმართველობის განვითარების საკითხში ჩაერთონ ახალგაზრდები
კახა კალაძე - „ახალგაზრდული ფორუმი“ არის საუკეთესო პლატფორმა, რათა თვითმმართველობის განვითარების საკითხში ჩაერთონ ახალგაზრდები

ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის, – ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში „ახალგაზრდობის ფორუმის“ მონაწილეებს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ახალგაზრდული ფორუმი“ არის საუკეთესო პლატფორმა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკითხში ჩაერთონ ახალგაზრდები.

„ამ პროცესში თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც გაქვთ განსხვავებული მოსაზრებები, ინოვაციური მიდგომები და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. პრემიერმა ისაუბრა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და განათლების რეფორმა. ჩვენ შეგვიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბროთ სხვადასხვა მიმართულებაზე, არაერთი პროექტის განხორციელებაზე, თუმცა ყველაფერი დაფუძნებულია განათლებაზე. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი წავა სწორედ ამ მიმართულებით, რათა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყავდეს ქვეყანას. შემდეგ უკვე, თქვენი განათლება უნდა გამოვიყენოთ საქართველოს საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძალიან საამაყოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დახმარებით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

„აქ ვხედავ ნაცნობ სახეებს, რომლებთან ერთადაც ამ პროექტებს უკვე მესამე წელია, ვახორციელებთ. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. პირიქით, ჩართულობის მეტი შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი ხედვები და იდეები ვაქციოთ რეალობად. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი და ხვალინდელი დღე, ამ ფორუმის ფარგლებში, რეალურად მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იმსჯელოთ სხვადასხვა საკითხსა და იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს ყველას. ასევე, დასახოთ გეგმები, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ადგილობრივი მმართველობის დონეზე გვაქვს და გვაწუხებს ყველას. მინდა, წარმატებები გისურვოთ და იყავით დარწმუნებულები იმაში, რომ როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელსაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი