კახა კალაძე - ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ
კახა კალაძე - ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ

ადამიანები, რომლებიც ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადებას ითხოვენ, საერთოდ არ ვიცი, ვინ არიან და რას წარმოადგენენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან და ზუსტად მათთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს შესაბამისი ცვლილებები.

„2021 წლამდე დავუშვით მარჯვენასაჭიანი ავტომობილები „B კატეგორიაში“, თუმცა შემდეგ მოუწევთ ავტომობილების შეცვლა. გარდა ამისა, ვინც 10 ოქტომბრის შემდეგ იყო დარეგისტრირებული და ვერ იღებდა ვაუჩერს, მივეცით ქიმწმენდის, ღებვისა და გადაკვრის ვაუჩერები. ანუ ყველანაირი მოთხოვნა, რაც იყო და პრობლემა, რაც აწუხებდათ ამ ადამიანებს, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება. ამ რეფორმით ყველა ერთად ვიამაყებთ, როგორც მგზავრები, ისე ტაქსის მძღოლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლების საორგანიზაციო ჯგუფმა დღეს ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციების გადავადება მოითხოვა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ლევან ხუზაურაშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლები მერიას დაგეგმილი რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე სთხოვენ, უარის მიღების შემთხვევაში კი, მათი თქმით, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.