კახა კალაძე აცხადებს, რომ წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში სამუშაოების სწრაფად დაწყებაა აუცილებელი
კახა კალაძე აცხადებს, რომ წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე, მეწყრულ ზონაში სამუშაოების სწრაფად დაწყებაა აუცილებელი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე წარმოქმნილ მეწყრულ ზონაში აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა აღდგენილი. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა – ძალიან სწრაფად აღდგენილი. მაქსიმალური მხარდაჭერა ადგილობრივ მოსახლეობას, რათა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს დგამს დედაქალაქის მერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დეტალური ინფორმაცია თავისი მოადგილისგან, ირაკლი ბენდელიანისგან მოისმინა.

„პირველადი ღონისძიებები უკვე გატარებულია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარედ არსებული საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, იმ არეალში იყო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მილი, რომლის დაზიანების გამო მოსახლეობას წყლის მიწოდების რამდენიმესაათიანი შეზღუდვა ჰქონდა, თუმცა, დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია.

კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დაუყონებლივ უზრუნველყვეს მოსახლეობის წყალმომარაგება ალტერნატიული წყლის მილით. პირველივე წუთიდან, მერიის შესაბამისი სამსახურები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ჩართულები არიან. ამჟამად იგეგმება, თუ რა მიმართულებით უნდა დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დატოვე კომენტარი