კახა კალაძე - ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა
კახა კალაძე - ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძემ პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა და რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა.

„ვასიკოსთან დაკავშირებით ინფორმაცია იქნა გავრცელებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მე მგონი, კაცი საოპერაციო მაგიდაზეა, ასე რომ, ცხადი იყო ის ახსნა-განმარტებები, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა. საქმიანობა, რასაც ის ეწეოდა, საჭიროებს ყოველდღიურ მუშაობას და ქმედებებს“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი და მსგავს შემთხვევაში, ამაზე საუბარიც არ მოერიდებოდა. „რომ იყოს, ამასაც გეტყოდით, ნამდვილად არ მომერიდებოდა“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ვასილ მაღლაფერიძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შეძლებს.

დატოვე კომენტარი