კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა
კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პროპორციული სისტემის განხილვა გუნდში ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. კახა კალაძე თავს იკავებს გვარების დასახელებისგან, ვინც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მისივე თქმით, არ მოელოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩავარდებოდა.

„პირადაპირ ვიტყვი, მეც არ მოველოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ მოხდებოდა ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა ცვლილებების განხორციელებას. საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. ახლა არ დავასახელებ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა ყველაფერი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩვენი პარტია არის დემოკრატიული პარტია, პარტიაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია. რა თქმა უნდა, ყველა ვერ იქნება ერთ მოსაზრებაზე. ჩემთვისაც ბევრი რამ არ არის მისაღები. მეც არ ველოდებოდი თუ ეს ცვლილება არ განხორციელდებოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. მთავარი არის გუნდის შენარჩუნება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე,სტაბილურობა და ბოროტ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, ქვეყანაში დაპირისპირება გამოიწვიონ“ ,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ამბობს, რომ უმრავლესობა და პარტია არ დაიშლება.

„შეიძლება, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, ოპონენტებს მოლოდინი და სურვილი ჰქონდეთ, თუმცა არანაირი უმრავლესობა და პარტია არ დაიშლება“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე რამდენიმე დეპუტატის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ ფიქრობს, რომ მათ გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეს.

„მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი დეპუტატების მხრიდან გასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იყო ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები. გამიჭირდება შეფასება, ისინი დაბრუნდებიან თუ არა. რა თქმა უნდა, იქნება კომუნიკაცია, შეხვედრები და შემდეგ მივიღებთ კიდევ უფრო დაზუსტებულ გადაწყვეტილებებს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.