კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია
კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მხრიდან შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტები მიუღებელია ნებისმიერი პირის მხრიდან, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც უნდა წარმოადგენდეს ის.

ამ კომენტარით კალაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმურა.

„ასეთი ფაქტები ძალიან ცუდია. როგორც ვიცი, ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება შს სამინისტროს მხრიდან და, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტების გამო უნდა დაისაჯონ. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები და მაშინაც იგივე მიდგომა, დამოკიდებულება მქონდა – არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, მითუმეტეს, როდესაც ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად არის, ასეთი რამ კატეგორიულად მიუღებელია“ ,- განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.