კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა
კახა კალაძე აცხადებს, რომ მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მერობის ყველა კანდიდატთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა

ძალიან ბევრი ტელეარხი აქტიურობს. ვინმეს რომ არ ეწყინოს, საზოგადოებრივ მაუწყებელს თუ ექნება შესაბამისი პლატფორმა, სადაც ყველა კანდიდატს შეგვეძლება წარვდგეთ, კი ბატონო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავის ვასხვავებ ერთმანეთისგან. რომელიღაც კანდიდატს ჰქონდა მოწოდება, მხოლოდ მერს და მელიას დავუჯდები დებატებშიო. მარტო მელიას და კალაძეს კი არა, ყველასთან უნდა დავსხდეთ, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. 16-მდე კანდიდატია დარეგისტრირებული, შესაბამისად, მე არც ერთ კანდიდატს არ ვასხვავებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინასაარჩევნო კამპანიის თანაბრად და ნეიტრალურად გაშუქების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველი არხი პარტიებს სთავაზობს სატელევიზიო და რადიო ეთერებს. ცესკო-ს მიერ დარეგისტრირებულ ყველა კვალიფიციურ პარტიას მიეცემა თანაბარი ეთერი – როგორც საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“, ასევე ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში.

საქართველოს პირველი არხი 14 და 21 სექტემბერს გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს „დებატები 2021“.