კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს
კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ პროექტები დასრულდეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა, რათა კომპანია „სვეტის“ არსებული პროექტები დასრულდეს და არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მოადგილე ილია ელოშვილი გასულ კვირას შეხვდა „სვეტის“ დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს და არსებული მდგომარეობა დეტალურად გაიარეს.

„მინდა, შევეხო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულთა საკითხს, რადგან აქტუალურია. ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, რა როგორ იქნება და რა მდგომარეობაა. გასულ კვირას ჩემი მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა „სვეტის“ დაზარალებულების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს, არსებული მდგომარეობა დეტალურად გაიარეს. კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა, ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, რომ რაც გადახდილი გაქვთ, არავინ არაფერი დაკარგოთ“, – განაცხადა მერმა.

კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს.

„რაც ჩვენს პრეროგატივაში შედის, თბილისის მერია გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, რათა პროექტები დასრულდეს. ცნობისთვის, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 14 ლოკაციაზე მშენებლობები უნებართვოდ იყო დაწყებული. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უკანონო, უნებართვა მშენებლობები კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ეს იყო 2015-2016 და 2017 წლის ნაწილი, როდესაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან გექნებათ ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.