კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტანგ შაქარიშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმირებული იყო
კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯაბა ჯიშკარიანისა და ვახტანგ შაქარიშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმირებული იყო

ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება​, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს დეპუტატების – ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჯაბა ჯიშკარიანი და ვახტანგ შაქარიშვილი პარტიის დატოვებას გეგმავდნენ.

„ისინი რომ მიდიოდნენ, ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ, ყველა ადამიანი ვართ თავისუფლი ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა საკრებულოს დეპუტატებს, რომ „ქართული ოცნება“ აცდა იმ ღირებულებებს, რისთვისაც მივიდა ხელისუფლებაში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მათ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„მათ არ ვეთანხმებით. ეს მათი მოსაზრებაა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი მოსაზრება“, – განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ და თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დღეს დატოვეს და აღნიშნეს, რომ მათი გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.