კახა კალაძე - აბსურდია, თითქოს კომუნიკაცია არ მქონია კიევის მერთან და მოვიტყუე, გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს
კახა კალაძე - აბსურდია, თითქოს კომუნიკაცია არ მქონია კიევის მერთან და მოვიტყუე, გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა, რომლის დროსაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კომუნიკაცია შედგა ასევე, ხარკოვისა და ირპენის მერებთან.

„მინდა, გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს კომუნიკაცია არ მქონია კიევის მერთან და ეს მოვიტყუე. არ ვიცი, რა დავარქვა, აბსურდი და გაუგებარია ეს ყველაფერი. რაში მჭირდება, მოვიგონო, თითქოს ველაპარაკე კიევის მერს, კლიჩკოს. უბრალოდ არ მესმის, გაუგებარია, რატომ უნდა მოვიგონო ეს. რა თქმა უნდა, ვესაუბრე 3 მარტს. ჯერ ოფიციალური წერილი გავუგზავნე ტელეფონზე. ეს იყო საქართველოსა და მოლდოვის თვითმმართველი ერთეულების მერების წერილი. მე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი და ერთობლივად გავამზადეთ წერილი, რომელიც გამოქვეყნებული იქნა სხვადასხვა მედიასაშუალებით. ეს წერილი პირდაპირ გავუგზავნე მას. მან მაშინვე გადმომირეკა და გვქონდა საუბარი ყველაფერზე – იქ არსებულ მდგომარეობაზე, თუ რა ვითარება იყო. ამის შემდეგაც მქონდა კომუნიკაცია. ასევე კომუნიკაცია მქონდა ხარკოვისა და ირპენის მერებთან. რატომ უნდა მოვიტყუო, რა არის ამაში ისეთი, უბრალოდ გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.