კახა კალაძე - 30 ახალი ავტობუსი თბილისის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება
კახა კალაძე - 30 ახალი ავტობუსი თბილისის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მარშრუტზე გადანაწილდება

30 ახალი ავტობუსი დედაქალაქის მოსახლეობას უკვე ხვალიდან მოემსახურება და გადანაწილებული იქნება სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა მარშრუტზე. ამ 30-დან 23 არის რვამეტრიანი, „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი, შვიდი არის „მანის“ 10-მეტრიანი ავტობუსი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალური ავტობუსების განახლებული პარკის პრეზენტაციაზე განუცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მეტად კომფორტული, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს თბილისის მეტროშიც.

„არსებული ავტობუსების პარკი არის მძიმე მდგომარეობაში და ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული, ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ახლით ჩანაცვლებული. პარალელურად, მეტროში ჩვენ დიდ სამუშაოებს ვაწარმოებთ, არსებული ვაგონების რეაბილიტაციას, ძალოვანი კაბელების გამოცვლას, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და გამართული. ჩვენ 220 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შევიძინეთ, აქედან დღეს ქალაქს უკვე ემსახურება დაახლოებით 83 ერთეული. რაც შეეხება 10-მეტრიან ავტობუსებს, შევიძინეთ 90 ერთეული და დახლოებით 50 მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ გაიმარჯვა 110 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებულ ტენდერში.

„გამოცხადებული გვქონდა ტენდერი 110 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსებზე, დღეს მთავრდება ტენდერი და მომდევნო დღეების განმავლობაში გვეცოდინება ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია.

სატრანსპორტო პოლიტიკის ყველა მიმართულება ჩვენთვის არის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ნამდვილად ვერ მივიღებთ იმას, რომ ოპონენტების თქმით, ჯერ ერთი მიმართულება გაგვეკეთებინა და მერე გადავსულიყავით მეორეზე, ამის დრო ნამდვილად არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში „ისუზუს“ (ISUZU) და „მენის“ (MAN) მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა.

ახალი ავტობუსები ექვს ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო რვა ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე.

12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე.

დატოვე კომენტარი