კახა კალაძე - 2020 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება
კახა კალაძე - 2020 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება

2020 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დედაქალაქის წლევანდელ ბიუჯეტს თუ ვნახავთ, მან რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენი ბიუჯეტი დაახლოებით, მილიარდ ნახევარი იქნება. 1 245 000 000 არის ჩვენი ბიუჯეტი და პლუს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან ველოდებით დამატებით თანხებს, რომელიც ახალი ავტობუსების შემოყვანაზე იქნება მიმართული“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი ბიუჯეტი ქალაქის ხელმძღვანელობას მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, წინასწარ ვგეგმავთ, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს. ჯერ კიდევ შარშან, 2019 წელს დავიწყეთ ამაზე მუშაობა, თუ როგორი უნდა იყოს 2020 წელი და რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს დედაქალაქში. შემიძლია, დავიტრაბახო კიდეც, რომ ერთდროულად, ასეთი მასშტაბური პროექტები დედაქალაქში არასდროს განხორციელებულა“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მასშტაბური პროექტების განხორციელებას თავისი დისკომფორტი აქვს, როდესაც გზები გადათხრილია, მოძრაობა ფერხდება და ა.შ., რაც გარკვეულწილად, საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა, მოქალაქეები ამას გაგებით ეკიდებიან. 

„არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა იმას, რომ თბილისი ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება და მინდა, ჩემს თანაქალაქელებს, თბილისში მცხოვრებ ყველა ამ ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ. ყოველდღე ქუჩაში ვართ, სამუშაოებზე ვართ და ადამიანების დამოკიდებულებას ვგრძნობთ. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამუშაოების წარმოება, რადგან ხედავენ, რომ ეს ზედაპირული სამუშაოები არ არის და ძირეულად იცვლება ყველაფერი, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ყველა რაიონში არის ქუჩები და უბნები, სადაც კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს და ეს არის პრობლემები, რომელიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ამ ქალაქში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობა ხალხმა იმიტომ აირჩია, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები, რეფორმები განხორციელდეს, შემოვიდეს სიახლეები, ქალაქი უფრო კომფორტული, კეთილმოწყობილი გახდეს გამართული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოწესრიგებული სკვერებით, ეკოლოგიური მდგომარეობით და ასე შემდეგ.

„ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და შემიძლია, ყველა ამ საკითხზე ძალიან ბევრი პროექტი ჩამოვთვალო“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე ისაუბრებს იმაზე, თუ რა სამუშაოები განხორციელდება 2020 წელს.

„აქაც ისეთი მიდგომები გვექნება, რომ ქალაქში მართლაც მთლიანი კოლაფსი არ გამოვიწვიოთ და ამ ყველაფერს სერიოზული დისკომფორტი არ მოჰყვეს. შევეცდებით, პროექტები ისე გადავანაწილოთ, რომ შეფერხებები და დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ, რაც ამ სამუშაოებს ახლავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი