კახა კალაძე - 2019 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყველა მართებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება
კახა კალაძე - 2019 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყველა მართებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება

2019 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყველა მართებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა ოპოზიციისა და უმრავლესობის შენიშვნების გათვალისწინებას დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტზე.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერია ყველა იმ პროექტს განახორციელებს, რომელიც თბილისელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესები, ასევე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც მართებული იქნება და შეძლებისდაგვარად განხორციელდება ცვლილებები ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული შშმ პირთა თეატრისთვის საჭირო თანხები, კალაძე აცხადებს, რომ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს მაქსიმალურად არის მორგებული ყველა ადამიანის ინტერესს.

„მე თემას არ ვიცნობ, თუმცა შშმ ადამიანების მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, რომ ადაპტირებული იყოს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეაბილიტაციის დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული, რომ ყველასთვის კომფორტული იყოს. ამ კონკრეტულ საკითხს არ ვიცნობ, ზოგადად ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 27 მილიონი ლარით იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტი, ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ იმ ადამიანებსა და ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 921 მლ ლარია, რომელსაც სპეცტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაემატება და საერთო ჯამში 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტი იქნება. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას უკვე გაუგზავნა, თავსი მხრივ, თბილისი მთავრობას ვადა 15 დეკემბრამდე აქვს შესწორებული ვარიანტი კვლავ საკრებულოს გაუგზავნოს განსახილველად.