კახა კალაძე - 2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ
კახა კალაძე - 2019 წლის ბოლოს თბილისში ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ

2019 წლის ბოლოსთვის თბილისში ძველი, ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებენ, –  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, წლის ბოლოს თბილისში 90 ერთეული მანი-ს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსი შემოვა.

„პარალელურად, მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული 8-მეტრიანი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი და როგორც დავპირდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის 550 ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

შესაბამისად, მისი თქმით, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად შეიცვლება.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დაწყებულია სატრანსპორტო კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით. უახლოეს დროში დაზუსტდება არის თუ არა საჭირო კიდევ ავტობუსების დამატება.

„დღეის მდგომარეობით 550, რაც არის პარკი, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად შეიცვლება. 2020-2030 წლებისთვის თუ საჭირო იქნება დამატებით კიდევ შემოყვანა, რომ უფრო სწრაფი, უფრო კომფორტული გახდეს გადაადგილება, კვლევა გვაჩვენებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. 2019 წლის ბოლოსთვის თბილისში აღარ ივლიან ძველი, ყვითელი ავტობუსები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მან დღესვე მეტროს შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მეტროს მატარებლებს შორის მოძრაობის ინტერვალი 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, სამ წუთამდე შემცირდება.