კახა კალაძე - 2019 წელი რთული, დატვირთული, საინტერესო და წარმატებული იყო
კახა კალაძე - 2019 წელი რთული, დატვირთული, საინტერესო და წარმატებული იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის მუშაობა შეაჯამა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელი რთული, დატვირთული, საინტერესო და წარმატებული იყო.

კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესაბამისად, 2019 წელს ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

„პროექტების ნაწილი, რაც წარვადგინეთ, დასრულებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია და დამთავრებული იქნება მომდევნო წლის გაზაფხულის თვეებში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, კალაძის თქმით, გამოწვევები ამ მხრივაც იყო.

„იყო რთული წელი, იყო გამოწვევები, მცდელობებიც კი იყო გარკვეული არეულობის, დაპირისპირების, კანონს გადაცდომების, თუმცა არავის უნდა მივცეთ ამის საშუალება. 2020 წელი იქნება საკმაოდ საინტერესო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უმთავრესი გამოწვევა ოკუპაციის პრობლემაა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ვიტყოდი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ეკონომიკა, რადგან ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ შეცდომებზეც ისაუბრა და მაგალითად გავრილოვის პარლამენტში ყოფნა მოიყვანა.

„შეცდომები იყო, უცებ რაც მახსენდება, მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების გულისწყრომა, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები ამასთან კავშირში არ არის, ეს არის იმ უპასუხისმგებლო კონკრეტული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით. შეცდომები ყოველთვის არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.