კახა კალაძე 13 ნოემბრიდან მუშაობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება
კახა კალაძე 13 ნოემბრიდან მუშაობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება

თბილისის მერია ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობისთანავე, ავტომატურად,  უფლებამოსილება შეუწყდებათ მოქმედი მერს, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს.

„საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.