კახა კახიშვილი - შესაძლოა, ვადამდე გათავისუფლების კომისიაც შეცდეს, ამიტომ მსჯავრდებულს საშუალება უნდა მისცე, გადაწყვეტილება არსებითად გაასაჩივროს
შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაც შეცდეს და არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ ადამიანს, რომლის საკითხიც განიხილეს, უნდა მისცე საშუალება, გადაწყვეტილება არსებითად გაასაჩივროს, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ადრე, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილება შინაარსობრივი კუთხით არ საჩივრდებოდა. ის მხოლოდ ადმინისტრაციული კუთხით საჩივრდებოდა, თუ რამდენად სწორად იყო შედგენილი ადმინისტრაციული დოკუმენტი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პარლამენტს ვთხოვეთ, საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაგვიჭირა და კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც პვგ-ს კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე არსებითად საჩივრდება. მოსამართლეს უკვე შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს და პირდაპირ დაგავალოს, ეს ადამიანი გაუშვა“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ასევე სასამართლოს გადაეცა პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, სასჯელის გადავადების საკითხის განხილვაც, რომელიც მანამდე სამინისტროს ხელში იყო.
„არსებითი განხილვის პროცესში, როცა საკითხს პროცესის მონაწილეებთან პირისპირ არკვევს, მოსამართლე უფრო მეტად ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვიდრე ჩემი თანამშრომლები, რომლებიც კაბინეტში არიან ჩაკეტილი, მხოლოდ ავადმყოფობის ისტორიას უყურებენ და გადაწყვეტილებას ასე იღებენ. პროცესზე, რომელსაც მოსამართლე ატარებს, არის მსჯავრდებულიც, მისი დამცველიც, ჩვენი თანამშრომელიც, ექსპერტიც და ა.შ. ანუ, მოსამართლეს შეუძლია, სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე უფრო ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. კარგი მაგალითები აი, ეს არის“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.