კახა კახიშვილი - „ტვ პირველში“ ძალისმიერი მეთოდებით შესვლასა და მასალის ამოღებას არავინ აპირებს
კახა კახიშვილი - „ტვ პირველში“ ძალისმიერი მეთოდებით შესვლასა და მასალის ამოღებას არავინ აპირებს

ჩანაწერებზე სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზისთვის საჭიროა პირველადი მასალის გადაცემა. სასამართლოს განჩინება გულისხმობს არა ძალისმიერი მეთოდით ამოღებას, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილ საგამოძიებო მოქმედებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არავინ აპირებს „ტვ პირველში“ ძალისმიერი მეთოდებით შესვლასა და მასალის ამოღებას.

ამასთან, როგორც კახიშვილმა განმარტა, პროკურატურას აღნიშნული განჩინების გარეშე მოქმედება არ შეეძლო, ვინაიდან ამით საპროცესო კანონმდებლობას დაარღვევდა.

„გამოძიების პირველი ამოცანა უნდა იყოს ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, ხომ არ არის ჩანაწერში მონტაჟის კვალი, ასევე როდის და ვის მიერ არის ჩანაწერი გაკეთებული. თუ დადგინდება, რომ ავთენტურია, მონტაჟი არ არის და ა.შ. შემდეგ გამოძიებამ უნდა იმსჯელოს, ხომ არ ყოფილა ფიგურნტების მხრიდან ისეთი ტიპის მოქმედება, რომელშიც შესაძლებელია, შეინიშნებოდეს დანაშაულის ნიშნები.

ვნახეთ, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზისთვის საჭიროა პირველადი მასალის გადაცემა. სასამართლოს განჩინება გულისხმობს არა ძალისმიერი მეთოდით ამოღებას, არამედ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილ საგამოძიებო მოქმედებას და პირდაპირ წერია, როგორ უნდა მოხდეს ამოღება. არავინ არ აპირებს და ნამდვილად არ არსებობს ტელევიზიაში შესვლის აუცილებლობა. კონვერტი თუ არ არსებობს, არც ეს არის პრობლემა. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

პროკურატურას ამ განჩინების გარეშე რომ დაეწყო მოქმედება, შემდგომში, ვინაიდან საპროცესო კანონით მოხდებოდა ამ მასალის დართვა, შესაძლებელია, განაჩენი არ დამდგარიყო კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, რადგან თავის დროზე დარღვეული იქნებოდა საპროცესო კანონმდებლობა. გამოძიება წარმოებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დაცვით, სადაც წერია, რომ ამოღებისთვის საჭიროა განჩინება. განჩინების საფუძველზე ნებაყოფლობითი წარდგენა არანაირ პრობლემას არ ქმნის, კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ მგონია, ვინმე შესვლას აპირებდეს“, – განაცხადა კახიშვილმა,

მისივე თქმით, ქვეყანაში აღარ განმეორდება ის დრო, როდესაც ტელეკომპანიებში შედიოდნენ გარკვეული უწყებები.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში იყო პერიოდები, როცა ძალისმიერი შეღწევები იყო ტელევიზიებში, ვგულისხმობ „იმედს“, „იბერიას“, „კავკასიის მაუწყებლობას“ და შევარდნაძის დროს „რუსთავი 2“-ში შესვლას. მე რამდენადაც ვიცი, არავინ არსად შესვლას არ აპირებს. ამიტომ დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ იქნება. ღმერთმა დაიფაროს და თქვენ გვერდში ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა“, – განაცხადა კახიშვილმა.