კახა კახიშვილი - საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება ძალიან კარგი ნაბიჯია და აბსოლუტურად მხარს ვუჭერ
კახა კახიშვილი - საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება ძალიან კარგი ნაბიჯია და აბსოლუტურად მხარს ვუჭერ

დეპუტატი კახა კახიშვილი დაინტერესდა, რა კონკრეტული გეგმები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით.

დეპუტატმა ამის შესახებ კითხვა პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დაუსვა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

კახა კახიშვილმა გამოძიების ხარისხის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ცვლილებებს მიესალმება.

„ჩვენ ვსაუბრობთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე და თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ იგეგმება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები და ამავდროულად, იგეგმება საგამოძიებო სამსახურის და კრიმინალურის გამიჯვნა. რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სერიოზულად წინგადადგმული ნაბიჯი, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, ვინაიდან ერთი მხრივ, გვაქვს მოთხოვნების სრულიად ახალი სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისთვის სასამართლოში და მეორე მხრივ, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს გამოძიება. ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან დროულია ეს გადაწყვეტილებები. უფრო დეტალურად ხომ არ შეიძლება, გვითხრათ, რას აპირებთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, ხომ არ გეგმავს სამინისტრო საგამოძიებო დეპარტამენტის ცალკე ჩამოყალიბებას, ასევე სტაჟიორ-გამომძიებლის პრაქტიკის დანერგვას.

„მახსოვს, იყო პერიოდი, როდესაც სანამ გამომძიებლად დანიშნავდნენ ადამიანს სტაჟირებას გადიოდა რამდენიმე წელი იგივე ხელფასით, მაგრამ ეს იყო დროებითი ვადა, შემდგომში ინიშნებოდა მუდმივად. ეს ხელს უწყობდა ახალგაზრდებში იმას, მეტად ემუშავათ თავის თავზე. ბუნებრივია, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების შედეგად, კრიმინალური პოლიციის გაძლიერებაც იქნება ავტომატურად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია და აბსოლუტურად მხარს ვუჭერ“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საპროცესო კოდექსში კიდევ ბევრი, სხვა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რათა გამოძიება ბევრად ეფექტიანი გახდეს და დაცვის უფლებაც მეტად იყოს უზრუნველყოფილი. კახა კახიშვილის თქმით, სამწუხაროდ, არის მუხლები, რომელზეც ჯერ კიდევ საჭიროა მუშაობა.

დატოვე კომენტარი