კახა კახიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პენიტენციური სისტემის რეფორმით საზოგადოების მნიშვნელოვანი დაკვეთა შეასრულა
კახა კახიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პენიტენციური სისტემის რეფორმით საზოგადოების მნიშვნელოვანი დაკვეთა შეასრულა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პენიტენციური სისტემის რეფორმით საზოგადოების მნიშვნელოვანი დაკვეთა შეასრულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა „იმედი Live“-ს ეთერში განაცხადა.

მან პენიტენციურ სისტემაში ადრე არსებულ და ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ მხრივ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩაიბარა.

„კარგად იცით, სოზარ სუბარმა რა მემკვიდრეობა ჩაიბარა. ძალიან რთული მდგომარეობა იყო 2012 წელს პენიტენციურ სისტემაში. 2012 წლიდან ქართველმა ხალხმა მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეფორმების გატარება ამ სისტემაში და რეფორმები გრძელდება დღესაც. დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმა ერთ-ერთ საუკეთესოდ ფასდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ.

„ახლახან, პენიტენციური სისტემის რეფორმა გაერო-ზე იყო წარდგენილი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმა მსოფლიოს 15 ქვეყანას შორის“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

როგორც მან აღნიშნა, რეფორმების შედეგად ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია და დღეს ამ პროცესს იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს.

„თავად მოიყვანეთ ციფრები სანამ სტუდიაში შემოვიდოდი. ზოგ შემთხვევაში, კიდევ უფრო კატასტროფული მდგომარეობა იყო სიკვდილიანობასთან, ტუბერკულოზთან, სუიციდის საკითხებთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ, 2012 წლიდან რამდენი დასჭირდა, რა ენერგია დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებულიყო. თუმცა მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. დღესაც კი, იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს აქტიურად რეფორმა პენიტენციურ სისტემაში, რადგან ეს არის განგრძობითი პროცესი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი თქმით, პენიტენციური სისტემის რეფორმით საქართველო უსწრებს, როგორც რეგიონის, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცისა და ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასაც კი.